ოზურგეთში „მოქალაქეთა ასამბლეა“ ჩატარდება

ძვირფასო თანამოქალაქეებო, 22 აპრილს, ოზურგეთის მერია გიწვევთ საქართველოს ისტორიაში პირველ მოქალაქეთა ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად.

იმ შემთხვევაში თუ ოზურგეთის პარკირების სისტემის გაუმჯობესება პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება თქვენს ყოველდღიურობას, საქმიანობას, ინტერესებს, სამომავლო გეგმებს და გსურთ, თქვენი პოზიცია და მოსაზრებები მოქალაქეთა ასამბლეის წევრებს გაუზიაროთ, გიწვევთ პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

მოქალაქეთა ასამბლეა არის მოქალაქეთა ჩართულობის სათათბირო ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს და ქვეყნებს მიიღონ გადაწყვეტილებები დემოკრატიული, ინკლუზიური და კონსენსუსზე ორიენტირებული გზით. მოქალაქეთა ასამბლეა შედგება შემთხვევითობის პრინციპით (კონკრეტულ დემოგრაფიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით) შერჩეული 36 მოქალაქისაგან. ასამბლეის წევრების მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებები რეკომენდაციების ფორმით წარედგინება ადგილობრივ ხელისუფლებას.

მნიშვნელოვან მხარეებს წარმოადგენენ ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები, რომელთა პრეზენტაციების საფუძველზე ასამბლეის წევრები დეტალურად უნდა გაეცნონ საკითხს. სწორედ, მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს ჯგუფი პრობლემატურ საკითხს, შეიმუშავებს მოგვარების გზებს, შეისწავლის მათ დადებით და უარყოფით მხარეებს და აწვდის რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს/სტრუქტურებს.

დაინტერესებული მხარე ვინ შეიძლება იყოს?

დაინტერესებული მხარე ე.წ. სთეიქჰოლდერი არის ორგანიზაცია, ინსტიტუტი ან ადამიანების არაფორმალური ჯგუფი, რომლებიც აქტიურად არიან დაკავშირებული მოქალაქეთა ასამბლეის განსახილველ თემასთან ან რომლებზეც უშუალო გავლენას ახდენს ასამბლეაზე წამოჭრილი საკითხები. კერძოდ უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთს მაინც შემდეგი კრიტერიუმებიდან:

კრიტერიუმები დაინტერესებული მხარეებისთვის:

• ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ქალაქში არსებულ საპარკინგე ადგილებს

• ფიზიკური პირები, რომელთა ქვეითად/ველოსიპედით/საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე პირდაპირ აისახება ქალაქში არსებული პარკირების სისტემა

• ფიზიკური პირები, რომლებიც საჭიროებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამოყოფილ საპარკინგე ადგილებს ან იურიდიული პირები, რომლებიც წარმოადგენენ ასეთი ფიზიკური პირების ინტერესებს

• იურიდიული პირები, რომლებიც მუშაობენ მუნიციპალიტეტში პარკინგის/საზოგადოებრივი ტრანსპორტის/საგზაო უსაფრთხოების ან/და საგზაო მიმოსვლის საკითხებზე

• იურიდიული პირები, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს

ასამბლეაში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის ვიწვევთ ყველა იმ მხარეს, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს ამისათვის საჭიროა, შეავსოთ ფორმა 17 აპრილის ჩათვლით ან დაუკავშირდით საკოორდინაციო ჯგუფს: 598 538 571 ელ-ფოსტა: gmakharadze@ncce.ge , შერჩეულ დაინტერესებულ მხარეებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 18 აპრილისა.

იხ. ვრცლად მოქალაქეთა ასამბლეის შესახებ: http://ozurgeti.mun.gov.ge/?cat=165

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი