ოზურგეთის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ოზურგეთის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

 ბიუჯეტი 27მილიონ 814 ათასი ლარით განისაზღვრა. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასაგეგმი 2022 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტით ბიუჯეტში შემოსულობები განსაზღვრულია 27 მილიონ 814 ათასი ლარით და იგი თითქმის 2,7 მილიონი ლარით მეტია 2021 წლის ბიუჯეტის შესაბამის პერიოდში დაგეგმილ სიდიდესთან შედარებით. აღნიშნული ნიშნავს, შესადარ პერიოდში საბიუჯეტო ასიგნების ზრდას 10,8 პროცენტული პუნქტით. პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება,დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი და რელიგია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოცუზრუნველყოფა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიუჯეტი ფორმირებულია საკუთარი შემოსულობების ხარჯზე. სახელმწიფოს ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები ბიუჯეტის პროექტში არ ფიქსირდება. შესაბამისად ბიუჯეტი ასახავს იმ პოტენციალს, რომელიც რეალურად გააჩნია და განკარგავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.“- აღნიშნა დავით დარჩიამ. ბიუჯეტის შესახებ მოხსენება გააკეთა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 “ თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ოზურგეთის ბიუჯეტი 2.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 27.814 მილიონ ლარს შეადგენს. იგი განვითარებაზეა ორიენტირებული და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაზე იქნება მიმართული. ასევე, გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა დამატებითი დაფინანსების მობილიზება მოხდეს სახელმწიფო და დონორული ფონდებიდან. ვიმუშავებთ ახალ საინვესტიციო პროექტებზეც, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივები საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 30% -ზე მეტი (6.4 მილიარდი ლარი). ოზურგეთის მუნიციპალური ბიუჯეტიდან ამ მიზნებისთვის 2022 წელს, ვგეგმავთ დამატებით 7%-ის დახარჯვას, რაც 1.86 მილიონ ლარს შეადგენს; მუნიციპალური ბიუჯეტის 23% ინფრასტრუქტურის განახლებაზე დაიხარჯება. 19% დაიხარჯება განათლების სფეროში. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით ბიუჯეტის 18% დაიხარჯება. გარემოსდაცვით საკითხებს და ეკოლოგიას კი ბიუჯეტის 10% მოხმარდება. იზრდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასები. გათვალისწინებულია ხარჯები მოქალაქეთა საცხოვრისი პირობების გაუმჯობესების და მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაციისთვის. ბიუჯეტში გამოყოფილია რესურსები მუნიციპალური სერვისების დაფინანსებისთვის. ჩემთვის, როგორც მერისთვის, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული დისკუსია, რათა, ერთობლივად ვუპასუხოთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რაც საზოგადოებას აწუხებს.“ – განაცხდა მერმა.

ბიუჯეტის განხილვა კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს კომისიებმა და ფრაქციებმა წარმოადგინეს დასკვნები.

ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოზურგეთი საქართვლოსთვის“ წევრებმა.

2022 წლის ბიუჯეტი 28 ხმით დამტკიცდა.

მსგავსი სტატიები