ქალაქ ოზურგეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის გასართობი, შემეცნებითი და საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ოზურგეთის ტექნოპარკს გამოყოფილი ჰქონდა სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო Arduino – ზე დაპროგრამებული მექანიზმი, Lego Robotics და Littlebits მოწყობილობები. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა შეჯიბრებებში, მათ სიმბოლური პრიზებიც გადაეცათ.
ჩატარდა სპორტული შეჯიბრი შემდეგ სახეობებში: (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ტაეკვანდო, ფარიკაობა, ჩოგბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი).
პატარების განწყობაზე ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობებმა ზღაპრის გმირებთან ერთად იზრუნეს. “მაკ-ჯორჯია“ – შუა ამაღლების საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა სპექტაკლის – “რომეო და ჯულიეტა“ ჩვენება მოაწყო. ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა საზეიმო კონცერტი.
პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მოქალაქეები.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.