საკრებულომ OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა

OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში

„თვითმმართველობა განათლებისათვის“, სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის დანერგვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია “, ის ვალდებულებებია, რომელთა განხორციელებაზე საკრებულომ, მერიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, “ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში, გასულ წელს იმუშავა. დღეს საკრებულოს, აღნიშნული მუშაობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ ანგარიში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ წარუდგინა. “ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის” შესრულება, პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს OGP-ის ფარგლებში ურთიერთპრაქტიკის გაზიარებას, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების საშუალოვადიან სტრატეგიის შემუშავებას, ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვას. თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ოზურგეთში შეიქმნა კარგი გასათვალისიწინებელი მაგალითი, იმისა თუ რამდენად ეფექტურად მიიღწევა შედეგი კოორდინირებული მუშაობითა და საერთო მიზნით, უზრუნველყოთ საქმიანობის გამჭვირვალობა, საჯაროობა, ინოვაციური მეთოდების დანერგვით მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურება. “ყველა ის ვალდებულება, რომელთა შესრულებაზეც გასულ წელს ვიმუშავეთ, უზრუნველყოფს თვითმმართველობის განხორციელების პროცესის ეფექტურობას და სრულად ასახავს “ღია მმართველობა პარტნიორობის – OGP” მიზნებსა და პრინციპებს. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმები და მომავალშიც ვაგრძლებთ პარტნიორებთან ერთად აქტიურ მუშაობას” – აღნიშნა დავით დარჩიამ. ღია მმართველობა-საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი წამყვანი უწყებები და პარტნიორები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia, საზოგადოებრივი ორგანიზაციები: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი/Guria Youth Resource Center, ოზურგეთის პროგრესის სახლი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი/Sdgk Ngo.  “ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით“ აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია საკრებულომ ცნობად მიიღო.

მსგავსი სტატიები