ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები ოზურგეთის, ბოლნისის, წყალტუბოს, სენაკის, რუსთავის, ასევე, ფოთის, ქუთაისის, მარნეულისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი „სამოქალაქო ბიუჯეტის -„იყავი თანამმართველი“ განხორციელება მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდისა და თვითორგანიზების გააქტიურებისთვის“ დაჯილდოვდა.
მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები ათეა-ს და პროექტის – N4ED დირექტორმა – დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა – ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს.
კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი უძღვებოდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე – სასტუმროებში – „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა.
ღონისძიებას ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ BPP-ის კონკურსზე გამარჯვებული 9 თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო პროექტები, რომლებიც სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა 2019-2020 წლების კარგ პრაქტიკად დაასახელა, 22 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან შეირჩა.
აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე, პროექტის მიღწევებზე, ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტების კარგ პრაქტიკებსა და მათი წახალისება-გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.
(BPP) საუკეთესო პრაქტიკის კონკურსებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოს 38 მუნიციპალიტეტიდან 96 პროექტი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად – 24 დასახელდა.
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), PMC კვლევით ცენტრთან (PMC RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს.
N4ED-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, ასევე საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.

მსგავსი სტატიები