გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
მომავალი წლისთვის, კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემის მოწყობას გეგმავს.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო.
სამუშაოების ფარგლებში, სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების მიზნით დაგეგმილია ჭაბურღილების, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. აქ პირველად მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი. სამუშაოების შედეგად ნატანების მოსახლეობა, ჯამში 2 100 ადამიანი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში წყლის სისტემების მშენებლობას 12 მილიონი ლარი მოხმარდება. წყალმომარგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნულ სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. არსებული სატუმბო სადგური და რეზერვუარი არ ფუნქციონირებს. გამომდინარე აქედან, მოსახლეობა სასმელ წყალს ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით იღებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობები და რეზერვუარები ასევე, გამრიცხველიანდება მოსახლეობა. სამუშაოების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, ჯამში 1 800 ადამიანზე მეტი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.
დასასრულს უახლოვდება ანასეულის თანამედროვე სტანდარტების წყლის სისტემის მშენებლობაც.