ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს ეწვია.

მინისტრმა მუზეუმის განვითარების ხელშესაწყობად მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქმიანი ურთიერთობის გააქტიურების შედეგად ოზურგეთის მუზეუმის მდიდარი ფონდის ნახვას მეტი ადამიანი შეძლებს როგორც დროებითი, ისე მუდმივი გამოფენების სახით.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ვიმყოფებოდით. შევხვდით მუზეუმის თანამშრომლებს, გავეცანით მათ საქმიანობას და განვიხილეთ სამომავლო გეგმები.

განვაახლებთ ყველაფერს, რაც აღდგენას და შეკეთებას მოითხოვს. უკვე დავიწყეთ გიორგი სალუქვაძისა და შალვა რადიანის ეთნოგრაფიული მუზეუმების რეაბილიტაციის მუნიციპალურ პროექტზე მუშაობაც. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი ქალბატონ თეას და სამინისტროს გუნდს ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

მუზეუმი 1936 წელს შეიქმნა და მასში დაცულია არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდის, ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები), ნუმიზმატიკური კოლექციები (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული, დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის სხვადასხვა პერიოდის მასალა.

მსგავსი სტატიები