ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენა

18 იანვარს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში”, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე ესწრებოდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პრეზენტაციის შემდეგ, სხვა გამომსვლელებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ათეას წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც.

მათ შორის, ნანა თავდუმაძემ იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტში ევროპის საბჭოს ხელშეწყობით განხორციელდა. ,,მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერების თვალსაზრისით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და გააძლიერა ძალისხმევა ინკლუზიური, მოქალაქეებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის. სამოქალაქო მონაწილეობის გააქტიურებისთვის და გადაწყვეტილების მიღების თანამონაწილეობით პროცესში ჩართულობისთვის, მუნიციპალიტეტი იყენებს ინოვაციურ, ეფექტურ საკონსულტაციო მექანიზმებს და სათათბირო ფორმებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც განახორციელა ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის “CuvicLab” – ის პილოტირება ღია მმართველობა-პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. ასევე, მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ-ერთმა პირველმა გამართა სამოქალაქო ანსამბლეა და განიხილა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ისეთ მუნიციპალიტეტს, როგორც ოზურგეთია აქვს ამბიციური მიზნები, რომელთა მიღწევასაც ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვაპირებთ. ასე, რომ თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის ვიწვევთ დონორებს, დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რათა შევქმნათ საუკეთესობ პრაქტიკები და გასათვალისწინებელი მაგალითები.“ – აღნიშნა ნანა თავდუმაძემ.

ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, მიზნად ისახავს დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობის გზით, საქართველოს ინსტიტუტების, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.

მსგავსი სტატიები