ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს.

პარტნიორობამ ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერის სპეციალურ პროგრამას 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნულ პროგრამაში 2016 წელსვე ჩაერთო და დღემდე აქტიურად მონაწილეობს ქალაქ თბილისის მერია. დედაქალაქი პირველ 15 თვითმმართველ ქალაქს შორის მოხვდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 45 კანდიდატიდან შეირჩა.

OGP-ში გაწევრიანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი უერთდება გლობალურ მოძრაობას, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას. პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე.

OGP-ის ლოკალური პროგრამის ახალი წევრები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც 2020 წლის 26 მაისს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა. მიღებული 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რომლებიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებენ. აღნიშნული OGP-ის ისტორიაში თვითმმართველობების ჩართულობის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა და ემთხვევა კრიტიკულ მომენტს, როცა ქალაქები და ადგილობრივი თვითმმართველობები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.

ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. აღნიშნული ინოვაციის მაგალითებია მუნიციპალიტეტში დანერგილი სამოქალაქო ბიუჯეტის ახალი ონლაინ პლატფორმა – „იყავი თანამმართველი“, სადაც მოსახლეობამ, ელექტრონული ვაუჩერების გამოყენებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დააფინანსა. ასევე, მუნიციპალიტეტში მმართველობის გამჭვირვალობისკენ გადადგმული თვალსაჩინო მაგალითია 2020 წლის 20 მარტს მიღებული გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ზურაბ ნასარაია მიესალმება  OGP-ის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას და იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტს ორგანიზაციის წევრები როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ღია მმართველობის გაუმჯობესების კუთხით ბევრ მნიშვნელოვან ცოდნას გაუზიარებენ. „ჩვენთვის დიდი პატივია ღია მმართველობა პარტნიორობის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, გამოცდილების გაზიარების, არსებული პრაქტიკების გაუმჯობესებისა და ახალ თვისობრიობაში გადაყვანის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცა, რასაც ძალიან ვაფასებთ. ვიმედოვნებ, რომ ახალ ცოდნასთან ერთად, ადგილობრივი დონეზე განსახორციელებელი რეფორმები კიდევ უფრო დაახლოებს მოსახლეობას ხელისუფლებასთან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდ წარმატებას სიახლეებითა და ინოვაციურობით გამორჩეულ მუნიციპალიტეტს,“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

კონკურსის შესარჩევ ეტაპებზე მუნიციპალიტეტს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“,  სწორედ მათთან თანამშრომლობით იგეგმება სამომავლოდ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავება. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი და „პროგრესის სახლი“  მიესალმებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას და მზადყოფნას გამოხატავენ აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე OGP-ის ფორუმის მუშაობის პროცესში. „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მზად არის OGP-ის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. „ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მოქალაქეთა მონაწილეობის, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გზით, ადგილობრივი თვითმართველობისა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობისკენ. ამ გზით პოზიტიური შედეგების მისაღებად, ინოვაციურ მიდგომებსა და ინიციატივებს დავნერგავთ,“ – აღნიშნა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ღლონტმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კონკურსის ორივე ეტაპზე  აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, როგორც ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოსთან და მონაწილეობა მიიღო სამდივნოს მიერ გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებში. მუნიციპალიტეტი მადლიერია  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის გულისხმიერი მხარდაჭერის.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. OGP ამჟამად მსოფლიოს ასამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი