„CivicLab“ -ის გამოყენებით საჯარო კონსულტაციები გაიმართა

საქართველოში პირველად, ოზურგეთის ტექნოპარკში, ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული ინოვაციური საკონსულტაციო მეთოდოლოგიის  „CivicLab“ -ის  გამოყენებით საჯარო კონსულტაციები ჩატარდა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2023-2025 წლების ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით  გაიმართა.

კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ დარეგისტრირდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის, განათლების, კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაგან შერჩეულ იქნა 30 მონაწილე.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საკრებულოს თავმდჯომარემ დავით დარჩიამ, რომელმაც  მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და  ხაზი გაუსვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიღწევებს ღია მმართველობის მიმართულებით. მანვე  იმედი გამოთქვა, რომ  ახალი  ვალდებულებები, რომელიც  საჯარო კონსულტაციის მეშვეობით შემუშავდება, არანაკლებ ამბიციური და მნიშვნელოვანი იქნება.

თემაზე, OGP-ის კონტექსტის მიმოხილვა: რა არის ღია მმართველობის პარტნიორობა და რა გამოცდილება აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – შეხვედრის მოდერატორმა, საკრებულოს აპარატის უფროსმა და ღია მმართველობა ადგილობრივი პროგრამის  კოორდინატორმა ნანა თავდუმაძემ ისაუბრა.

საჯარო კონსულტაციების ინოვაციური ინსტრუმენტი „CivicLab“-ი დაინტერესებულ მხარეებს და მოქალაქეებს შორის  კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგისთვის შეიქმნა.

სამოქალაქო ლაბორატორიის მონაწილეებმა სამი თემატური მიმართულებით: ანტიკორუფციული, საჯარო ფინანსები და მომსახურების მიწოდება, სტრუქტურირებული მიდგომით შეიმუშავეს  წინადადებები  და ჩამოაყალიბენ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

საჯარო კონსულტაციების შედეგები აისახება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის პარტნიორობის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმაში.

მსგავსი სტატიები