ოზურგეთს უკვე აქვს შესაძლებლობა, მოქალაქეების ჩართულობით გააუმჯობესოს ქალაქის პარკირების სისტემა – ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაწყებული მოქალაქეთა ასამბლეა დასრულდა.
მოქალაქეთა ასამბლეის პირველ ეტაპზე მოქალაქეებმა შეისწავლეს ურბანული დაგეგმარების და საგზაო უსაფრთხოების საკითხები. ოზურგეთის მერიისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად კი საბოლოო რეკომენდაციები შეიმუშავეს.
მოქალაქეთა ასამბლეა სათათბირო დემოკრატიის ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, შეისწავლონ და ასამბლეის წევრებთან ერთად განიხილონ კონკრეტული საკითხი და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთონ.
ასამბლეის წევრები შემთხვევითობის პრინციპით, წინასწარ გაწერილი მეთოდოლოგიით შერჩეული მოქალაქეები არიან, რომლებიც ერთად ქმნიან მრავალფეროვან, დემოგრაფიულად წარმომადგენლობით ჯგუფს, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა, ასაკი, სქესი, განათლების დონე და საცხოვრებელი უბანი.
ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ – ოზურგეთის მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, ევროპის საბჭოს ექსპერტები და მოქალაქეთა ასამბლეის მიერ შერჩეული წევრები.
მოქალაქეთა ასამბლეა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით პირველად საქართველოში ოზურგეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.