გომისმთისთვის დასახლების კატეგორის მინიჭების პროცედურები სრულდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომისმთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭების პროცედურები დასკვნით ეტაპზეა. დღეს საკრებულოს ბიურომ განიხილა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეიტანა: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე – დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ”, განკარგულების პროექტი. გომის მთის, როგორც დაბის შექმნის თაობაზე წინადადების მოწონებაზე საკრებულო ხვალ, 26 თებერვალს, მიიღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს გომის მთისთვის დასახლების, დაბის კატეგორიას. „გომის მთა ეს გახლავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება, საშუალებას მოგვცემს კანონის ფარგლებში მოვაქციოთ ყველა პროცესი და ხელი შევუწყოთ კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას. მითუმეტეს, როდესაც უკვე არსებობს განაშენიანების გენერალური გეგმა. მართლაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.

მსგავსი სტატიები